იტალიური "ნაპოლის" სლოვაკი ნახევარმცველის, სტანისლავ ლობოტკას აგენტი აცხადებს, რომ ის და მისი კლიენტი "ბარსელონასთან" შეთანხმებულები იყვნენ.
"ბარსელონასთან" პირობები შევათანხმეთ, მაგრამ მერე იქ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. სიტუაცია ნათელი არ არის და "ბარსას" ფინანსური პრობლემებიც აქვს.
ყველამ იცის, თუ რა დონის ფეხბურთელია სტანისლავ ლობოტკა," - თქვა ბრანისლავ იარუსეკმა.
29 წლის შუახაზელს ესპანური პრესა ჩავი ერნანდესის ფავორიტად მართლაც ნათლავდა. "ბლაუგრანას" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა სტანისლავი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციებზეც შეაქო.
ცხადია, ის ფაქტი, რომ "ბარსას" ახლა ჰანსი ფლიკი წვრთნის, ლობოტკასთვისაც ბევრ რამეს ცვლის, რადგან ნაკლებსავარაუდოა, გერმანელმა სპეციალისტმა ამ ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოს.
სლოვაკს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ჩატარებულ 51 მატჩში მან 1 ასისტი მიითვალა.