ლამინ იამალს 10-ნომრიანი მაისურის ჩაბარება არ სურს, - იუწყება SPORT.
"ბარსელონას" 16 წლის სუპერტალანტმა შესანიშნავად იცის, რამხელა წნეხთანაა დაკავშირებული "ბლაუგრანას" ისტორიაში ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ნომრის მიღება. სწორედ ეს აფიქრებს ესპანელ ფეხბურთელსაც.
იამალს წინ უდევს მასზე სულ რამდენიმე წლით უფროსი ანსუ ფატის მაგალითი. ახალგაზრდა თავდამსხმელს რომ კარიერა ისე ვერ წაუვიდა, როგორც მისგან ელოდნენ, ტრავმებთან ერთად, სწორედ ათიანობის თანმდევი ზეწოლის დამსახურებაცაა.
ლამინზე ამბობენ, რომ იგი თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ გონებადამჯდარია. ამაზე ათიანობის პასუხისმგებლობასთან მისი დამოკიდებულებაც მეტყველებს.
გასული სეზონი იამალმა 27-ნომრიანი მაისურით ითამაშა. ესპანეთის ნაკრებში იგი 19 ნომრით გამოდის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის მერვედფინალში იამალი და "ფურია როხას" სხვა ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.