"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს მიაჩნდა, რომ ზაფხულში კლუბს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი უნდა შეეძინა. RAC1-ის ინფორმაციით, "მაესტროს" შესაბამისი კანდიდატურა უკვე შერჩეულიც ჰყავდა.
წყაროს თანახმად, 44 წლის სპეციალისტს "ბლაუგრანაში" "ნიუკასლ იუნაიტედის" შვედი ფორვარდის, ალექსანდრ ისაკის ხილვა უნდოდა.
ჩავის აზრით, ისაკი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ალექსანდრს გუნდის მთავარი ცხრიანის პოზიციაზე ლევანდოვსკი უნდა ჩაენაცვლებინა.
ცხადია, ესპანელი მწვრთნელის თანამდებობიდან გაშვებამ ეს სცენარი გამორიცხა. ჰანსი ფლიკი რობერტს ბოლომდე ენდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 36 წლის პოლონელი მომდევნო სეზონშიც გუნდის მთავარი ფორვარდი იქნება.
რაც შეეხება ალექსანდრს, მისი "ნიუკასლიდან" წასვლის შანსი საკმაოდ მცირეა. "ჯორდები" შვედს 100 მილიონ ევროზე ძვირად აფასებენ.
გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში ისაკმა 25 გოლი შეაგდო.