"ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერჟინიო დესტმა გუნდი საბოლოოდ დატოვა. ამერიკელი ფლანგელი კარიერას "პსვ ეინდჰოვენში" გააგრძელებს.
დესტი ნიდერლანდურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მას კონტრაქტი გაუწყვიტეს.
სერჟინიოს ამ გზით გაშვება შეიძლება წარუმატებელ ოპერაციად გამოიყურებოდეს, მაგრამ მუხლის სერიოზულმა ტრავმამ "პსვ-ს" მისი 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვა გადააფიქრებინა, "ბარსას" კი სახელფასო განაკვეთის გამოთავისუფლება სჭირდებოდა. შესაბამისად, "ბლაუგრანას" სხვა გამოსავლის მონახვა ძალიან გაუჭირდებოდა.
სათქმელია ისიც, რომ კატალონიურმა გრანდმა დაიტოვა თანხის წილი დესტის მომდევნო ტრანსფერიდან. როგორც ირკვევა, სერჟინიოს მომდევნო გუნდი საერთო თანხის 50%-ს სწორედ "ბარსელონას" გადაუხდის.
ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანამ" 2020 წელს შეიძინა და ამსტერდამის "აიაქსს" მასში 21 მილიონი ევრო ჩაუთვალა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 72 მატჩში სერჟინიო 3 გოლითა და 4 ასისტით გამოირჩა.