"ბარსელონა" მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ნიკო უილიამსის შეძენას აპირებს, თუმცა კლუბი სათადარიგო ვარიანტებსაც განიხილავს..
El Chiringuito-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი ურუგვაის ნაკრების 24 წლის შემტევი მაქსიმილიანო არაუხოა. არაუხომ კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარა - გამოირჩა რა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით.
როგორც ჩანს, მაქსიმილიანომ სწორედ ამ ტურნირზე მიიქცია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორის, დეკუს ყურადღება.
საკლუბო დონეზე არაუხო მექსიკური "ტოლუკას" ღირსებას იცავს. მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა. ჯერ უცნობია, მექსიკელები მხოლოდ ამ თანხად შეელევიან ურუგვაელს თუ ფასის დაკლებაზეც იქნებიან თანახმა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არაუხო 58 მილიონ ევროდ შეფასებულ ნიკოზე გაცილებით იაფი დაჯდება.
სხვათა შორის, "ბლაუგრანას" შემადგენლობაში თავი შეიძლება სამმა არაუხომ მოიყაროს, რადგან გარდა რონალდ არაუხოსა, რომელიც მაქსიმილიანოს თანამემამულეა, "ბარსას" საკუთრებაში მექსიკელი ხულიან არაუხოც იმყოფება.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში არაუხო "ტოლუკას" 3 გოლითა და 4 ასისტით დაეხმარა.