"ბარსელონამ" ნიკო უილიამსის გადაბირების ოპერაცია დაიწყო, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.
კატალონიური გრანდი ლა ლიგასთან მუდმივ კონტაქტზეა და შესაბამის პროცედურებს ახორციელებს, რათა ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემები მოიგვაროს და 1:1 წესს დაუბრუნდეს.
უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ნიკოს აგენტსა და დეკუსაც. მხარეები ჰარმონიულად ელოდებიან იმ შესაძლებლობას, რომ მათი საერთო ინტერესები ფურცელზე გადაიტანონ.
წყაროს თანახმად, ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავი არჩევანს "ბარსაზე" აკეთებს და ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლას სათადარიგო ვარიანტად განიხილავს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბანაკში ეს ცნობები ოპტიმიზმის საფუძველია.
ხუანმარტის თქმით, "ბარსაში" დაგეგმილი ჰქონდათ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი ამოცანა უმაღლესი დონის საყრდენი ნახევარმცველის დამატება ყოფილიყო, მაგრამ უილიამსის ევრო 2024-ზე აფეთქებამ გეგმები შეცვალა. ახლა კლუბში ფიქრობენ, რომ ნიკოსა და შედარებით იაფფასიან შუახაზელს უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლება, ვიდრე ტოპ ნახევარმცველსა და შედარებით იაფფასიან გარემარბს.
ნიკო უილიამსის, ლამინ იამალისა და რაფინიას ფლანგებზე ყოფნა "ბლაუგრანას" მეტოქის დაცვის გარღვევის გზებს გაუმარტივებს და შემადგენლობაში არსებულ კონკურენციასაც გაამძაფრებს.
საგულისხმოა ისიც, რომ ნიკოს ტრანსფერის დახურვის მერე "ბარსა" ისევ ნახევარმცველს მიუბრუნდება. შესაძლებელია, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იგი იჯარის წესითაც დაიმატონ. მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ მოედნის ცენტრში გუნდს ინტენსივობა აკლია, თუმცა "ბლაუგრანას" რიგებში ბევრი მოთამაშე მოიძებნება, რომელსაც ორმაგ საყრდენზე შეუძლია თამაში, ამიტომ ამ მხრივ მდგომარეობა არც ისე კრიტიკულია.