ჟოან ლაპორტა "ბარსელონადან" ვიტორ როკეს გაშვებას ბლოკავს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, მატეო მორეტო.
კლუბის პრეზიდენტი ჰანსი ფლიკს შეჰპირდა, რომ ბრაზილიელ თავდამსხმელს პრესეზონზე საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება მიეცემა, სანამ მისი მომავალი გადაწყდებოდეს.
მართალია, "ბარსას" 19 წლის ფორვარდის ლა ლიგაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და შეიძლება მასთან დამშვიდობება მოუწიოს, წინასასეზონო შეკრების დასრულებამდე არაფერი მოხდება. არადა, "ნაპოლი" და "ფიორენტინა" ბრაზილიელით აქტიურად ინტერესდებიან.
ცხადია, თუ როკემ ფლიკის მოხიბვლა მოახერხა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ვიტორში "ბარსამ" "ატლეტიკო პარანაენსეს" 31 მილიონი ევრო გადაუხადა. კატალონიურ გრანდს იგი ამა წლის იანვარში შეუერთდა.
გასულ სეზონში "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში როკემ 2 გოლი მიითვალა.