4 თვის და 2 კვირის წინ
დრომ გადაიწია - "ბარსას" ოლმოს შეძენის შანსი რჩება
დრომ გადაიწია - "ბარსას" ოლმოს შეძენის შანსი რჩება

დანი ოლმო ევროპის ჩემპიონატზე ფენომენალურ ასპარეზობას აგრძელებს. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა გუშინ საფრანგეთის კარი აიღო და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

"ლაიფციგის" ვარსკვლავი "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნედ ისევ განიხილება, ამიტომ ის ინფორმაცია, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დანის კონტრაქტში ჩადებულია გამოსასყიდი თანხის პუნქტი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი ევროა, ვადა კი 15 ივლისს გასდის. უფრო სწორად, გასდიოდა.

ვინაიდან "ფურია როხამ" ევრო 2024-ის ფინალში გააღწია, ვადამ 20 ივლისამდე გადაიწია. მაშასადამე, დაინტერესებულ კლუბებს კიდევ 5 დღე ეძლევათ, რომ ოლმო "წითელ ხარებთან" მოლაპარაკებების გარეშე წაიყვანონ.

"ბლაუგრანასგან" ამას ახლა ნაკლებად ველით, რადგან კლუბმა სატრანსფერო პრიორიტეტად ნიკო უილიამსი განსაზღვრა, ერთ ზაფხულში ორი ძვირადღირებული შემტევის დამატებას კი კატალონიელები ვერ გასწვდებიან.

აქვე გეტყვით, რომ 26 წლის დანის "მანჩესტერ სიტისა" და "ბაიერნსაც" უკავშირებენ.


Facebook კომენტარები