14 ივლისს, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, ლამინ იამალი თავის პირველ ევროპის ჩემპიონატის ფინალს ითამაშებს.
"ბარსელონას" ვარსკვლავმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც კი ოდესმე ამ ტურნირზე უთამაშია, გასაოცარი პერფორმანსი გვაჩვენა და ტურნირზე სამი ასისტი და გოლი დააფიქსირა.
16 წლის ტალანტის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მთავარი მომენტი კი სწორედ მისი პირველი გოლი გახლდათ, რომელიც ლამინმა საფრანგეთის წინააღმდეგ ნახევარფინალში გაიტანა.
როდესაც ბურთი ბადეში შევარდა, ვინგერმა გოლი თავისი საფირმო "304" ჟესტით იზეიმა. თუმცა, მრავალი კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს სიმბოლო.
აღმოჩნდა, რომ '304' წარმოადგენს როკაფონდას - კატალონიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უბნის საფოსტო კოდს, სადაც ლამინი გაიზარდა.
ფაქტია, რომ ახალგაზრდა სუპერტალანტი ამაყად წარმოაჩენს თავის ფესვებს, ის სიმბოლო „304-ს“ ბუცებზეც კი ატარებს, როგორც მისი წარმოშობის მუდმივ შემახსენებელს.