ნიკო უილიამსის "ბარსელონაში" ტრანსფერი დროის ამბავია, - ირწმუნება Mundo Deportivo.
21 წლის ვარსკვლავს "ბლაუგრანაში" გადასვლა უნდა, კლუბმა კი მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა გადაწყვიტა. ეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდება.
ესპანელი გარემარბი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. პირველი ორი წლის განმავლობაში მისი ხელფასი შედარებით დაბალი იქნება, მესამე სეზონიდან კი მნიშვნელოვნად გაზრდას დაიწყებს.
ტრანსფერის განხორციელების რეალურობას ადასტურებს SPORT-იც.
ესპანური გამოცემის თანახმად, "ბარსაში" იმდენად დარწმუნებულნი არიან ნიკოს გადაწყვეტილებაში, რომ "პარი სენ ჟერმენისა" და ინგლისური კლუბების ინტერესი აღარც ანერვიულებთ.
კატალონიური გრანდი შედის "ატლეტიკის" მდგომარეობაშიც. "ბარსელონა" რაც შეიძლება მალე დახურავს ტრანსფერს, რათა ბასკურ კლუბს უილიამსის შემცვლელის შესაძენად დარჩეს დრო.
შეგახსენებთ, რომ ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა. ახალგაზრდა შემტევი კვირას ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.