"ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. უკვე მეორე დღეა, რაც "ბლაუგრანას" ის ფეხბურთელები, რომლებიც მიმდინარე სანაკრებო ტურნირებზე არ მონაწილეობდნენ, ჰანსი ფლიკის ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიშობენ.
Relevo-ს ჟურნალისტ ალექს პინტანელის ინფორმაციით, პირველ სავარჯიშო დღეს გერმანელ სპეციალისტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება პაბლო გავიმ მოახდინა.
59 წლის მწვრთნელს ესპანელ ნახევარმცველზე დადებითი წარმოდგენა პრესეზონის დაწყებამდეც ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა მას ეს პოზიცია კიდევ უფრო გაუმყარა.
ფლიკი აღფრთოვანებულია პაბლოს მონდომებით, მებრძოლი სულითა და მიზანმიმართულობით. ჰანსი 19 წლის ვარსკვლავს მისი გუნდის მნიშვნელოვან წევრად ხედავს.
შეგახსენებთ, რომ გავის გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, რისი მიზეზიც ჯვარედინი იოგების გაწყვეტაა. "ლა მასიას" აღზრდილი ნახევარმცველი ახლა ინდივიდუალურად იტვირთება, გუნდთან ერთად ვარჯიშს კი ორიოდ თვეში განაახლებს.