"სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ იხილეს მათკენ მიმართული ლეო მესის "ბარსელონას" მაისური.
ამჯერად მაისური არა ლეოს, არამედ არგენტინელ სტრიმერს, ლაუტარო დელ კამპოს ეჭირა, რომლის ზედმეტსახელია 'ლა კობრა'.
ამ უკანასკნელმა სანტიაგოზე გამართულ კრივში გამარჯვება მოიპოვა დიეგო იგლესიასთან, 'გუანიართან'. ორივე Twitch-ის სტრიმერია, რომლებიც საკმაოდ ცნობილი არიან ესპანურენოვან ქვეყნებში. მაგალითად, დელ კამპო, 2022 წლის საუკეთესო სპორტულ სტრიმერად დასახელდა.
როგორც გაირკვა, "La Cobra" ლეო მესის დიდი გულშემატკივარია. მან ლეოს "ბარსას" მაისური მადრიდის "რეალის" საშინაო სტადიონზე ბრძოლის მოგების შემდეგ ააფრიალა და გულშემატკივარს აჩვენა.
ბრძოლის წინ დელ კამპოს ჰკითხეს, აწუხებდა თუ არა ბერნაბეუზე ჩხუბი, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: "პირიქით, ეს მაძლევს მოტივაციას. მომწონს ის ადგილი, რადგან ჩემი კერპი მესია და ძალიან მიყვარს მისი სახლის ეზოში ჩხუბი", - უპასუხა მან.