"ბარსელონას" მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ბილბაოს "ატლეტიკის" 22 წლის ვარსკვლავი, ნიკო უილიამსი მიიჩნევა, თუმცა, როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი თავკაცი, ჰანსი ფლიკი განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას ისურვებდა.
SPORT-ის ინფორმაციით, ჰანსის ურჩევნია, რომ გუნდმა "ლაიფციგის" 26 წლის ნახევარმცველი, დანი ოლმო შეიძინოს.
სამწვრთნელო შტაბს არ ეთანხმება "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, რომელიც უილიამსის დამატებას ლობირებს. ჯერჯერობით ლაპორტას პოზიცია გადამწყვეტია.
ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ნიკოს ტრანსფერს "ბლაუგრანას" გულშემატკივრებზე უფრო დიდი გავლენა ექნება.
რაც შეეხება ფლიკს, მას ოლმოს მრავალმხრივობა ძალიან მოსწონს. 59 წლის სპეციალისტს ეჭვი არ ეპარება, რომ დანი "ბარსელონას" შესანიშნავად მოერგებოდა.
მიუხედავად გერმანელის სურვილებისა, მაინც ნაკლებსავარაუდოა, "ბარსელონამ" ნიკოს ოლმო არჩიოს. ამის კიდევ ერთი განმაპირობებელი ის გახლავთ, რომ "წითელი ხარების" ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხის (60 მილიონი ევრო) პუნქტს ვადა 20 ივლისს გასდის, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" კი ახლაც უილიამსის ტრანსფერზე მუშაობენ, ამიტომ სამიზნის შეცვლა წესით ვერც უნდა მოასწრონ.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში დანიმ 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, ნიკოს მონაგარი კი 37 მატჩში 8 გოლი და 19 ასისტი გახლდათ.