როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" თავს ახლა ნეგრეირას სკანდალი მძვინვარებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც კატალონიელთა მიერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ენრიკეს ნეგრეირას კომპანიებისთვის გადარიცხული მილიონების შესახებ გახმაურდა.
ნეგრეირამ თანამდებობა 2018 წელს დატოვა. მაშასადამე, ბოლო სეზონი, რომელიც ამ საგაში თავსდება, 2017-2018 წლების სეზონია.
მაშინ "ბლაუგრანას" ერნესტო ვალვერდე წვრთნიდა, რომელიც ახლა ბილბაოს "ატლეტიკს" უდგას სათავეში.
ბასკ სპეციალისტს გუშინდელი მატჩის შემდეგ სწორედ ამ საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.
"ბარსელონაში" მოგებული ლა ლიგები იყო თუ არა ნეგრეირას დამსახურება? მეორეადგილოსან გუნდს ჩვენ 14 ქულით გავასწარით, თასის ფინალში კი მეტოქეს 5:0 მოვუგეთ.
ეჭვგარეშეა, თუ ვინ იყო მაშინ ესპანეთის საუკეთესო გუნდი," - თქვა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, რომ ერნესტომ "ბარსელონას" 2 ლა ლიგა და 1 კოპა დელ რეი მოაგებინა.