მიკელ მერინოს ტრანსფერში "ბარსელონამ" შეიძლება ცენტრალური მცველი ჩართოს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "რეალ სოსიედადს" რობინ ლე ნორმანი ტოვებს, ამიტომ ბასკებს დაცვის ცენტრის გაძლიერება დასჭირდებათ.
გააჩნია, თუ ვის მოითხოვენ სან სებასტიანელები, თუმცა "ბლაუგრანას" ამ 4-დან ერთ-ერთთან დასამშვიდობებლადაა მზად: კლემან ლანგლე, მიკაილ ფაიე, ერიკ გარსია, ინიგო მარტინესი. ლანგლეს პრობლემა მისი ხელფასის დიდ ოდენობაშია, დანარჩენი 3-ის მომავალი კი გასარკვევია. ვარიანტია პაბლო ტორეც.
28 წლის ნახევარმცველს "ჩური ურდინი" მინიმუმ 25 მილიონ ევროდ დააფასებს. ცხადია, ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა გადასახდელ თანხას შეამცირებს.
მერინოს გარემოცვამ იცის "ბარსას" ინტერესის შესახებ, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა. მიკელი სურთ "არსენალსა" და "ატლეტიკოსაც". შუახაზელი ახლა შვებულებაში იმყოფება და ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებას სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ კვირებში მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ როგორც კი "ბლაუგრანა" ნიკო უილიამსის ტრანსფერს დახურავს, მთელ აქცენტს კლუბი სწორედ მერინოზე გააკეთებს.