როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" უკვე რამდენიმე დღეა, რაც ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდს მთავარი ვარსკვლავები ჯერ არ შეერთებიან, რადგან ისინი, ვინც ამ ზაფხულს გამართულ სანაკრებო ტურნირებზე ასპარეზობდნენ, ჯერ კიდევ შვებულებაში იმყოფებიან.
"ბლაუგრანას" წამყვან მოთამაშეთაგან პირველები გუნდს რობერტ ლევანდოვსკი და ანდრეას კრისტენსენი დაუბრუნდებიან. მათი სამედიცინო შემოწმება 22 ივლისსაა ჩანიშნული.
იმ კვირაში დაბრუნდებიან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ილქაი გიუნდოგანი და ჟულ კუნდეც.
ჯერჯერობით უცნობია, რაფინია ჯერ ბარსელონაში ჩავა თუ პირდაპირ ორლანდოში შეუერთდება გუნდს, რათა მომქანცველი ფრენა თავიდან აირიდოს.
გადაწყვეტილია, რომ ფრენკი დე იონგი, ალეხანდრო ბალდე და პაბლო ტორე, რომლებიც ოპტიმალურ კონდიციებში არ იმყოფებიან, "ბარსას" ამერიკულ ტურნეზე მაინც გაყვებიან.
რაც შეეხება 5 ესპანელს, მათ აშშ-ში ვერ ვიხილავთ. ლამინ იამალი და ფერან ტორესი 8 აგვისტომდე დაისვენებენ, ხოლო პაუ კუბარსი, ერიკ გარსია და ფერმინ ლოპესი მალე პარიზში გაემგზავრებიან, სადაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში პირველ ამხანაგურ მატჩს "ბარსა" 31 ივლისს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.