4 თვის და 2 კვირის წინ
იქნება ნიკოც და იქნება ოლმოც - დეკუ საქმეს შეუდგა
იქნება ნიკოც და იქნება ოლმოც - დეკუ საქმეს შეუდგა

"ბარსელონას" ამ ზაფხულს ნიკო უილიამსის შეძენაც უნდა და დანი ოლმოსაც, - იუწყება Mundo Deportivo.

კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი, დეკუ სამშაბათს 26 წლის ნახევარმცველის აგენტს შეხვდა, ოთხშაბათს კი 22 წლის შემტევის აგენტს გაესაუბრა. როგორც ირკვევა, ორივე შეხვედრა წარმატებული გამოდგა.

დეკუს "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ პირადად სთხოვა, რომ ესპანელი ვარსკვლავების გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთოს.

ძალიან ნაკლებსავარაუდოა, "ბარსამ" ორივე ფეხბურთელის დამატება ისე მოახერხოს, რომ ამისთვის არსებული შემადგენლობიდან ვინმეს გაყიდვა არ დასჭირდეს. წესით კლუბში უკვე შერჩეული უნდა ჰყავდეთ ის მოთამაშე, რომელიც განსახორციელებელ ტრანსფერებს შეეწირება.

ოლმოს გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, თუმცა "ლაიფციგთან" კონტრაქტში ჩადებულ ამ პუნქტს ვადა 20 ივლისს გასდის. მაშასადამე, კატალონიელებს ფასზე მოლაპარაკება "წითელ ხარებთან" მოუწევთ. რაც შეეხება უილიამსს, მისი გამოსყიდვა 58 მილიონ ევროდ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ დანისა და ნიკოს ფანტასტიკური ევრო 2024 ჰქონდათ. ოლმომ თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ბილბაოს "ატლეტიკის" გარემარბის მონაგარი კი 2 გოლი (1 ფინალში) და 1 ასისტი იყო.


Facebook კომენტარები