ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ჟერარ რომერომ გვაუწყა, რომ "ბარსელონა" არა მხოლოდ ნიკო უილიამსის, არამედ დანი ოლმოს ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს.
რომეროს თქმით, მას "ბლაუგრანას" ორი წარმომადგენელი დაუკავშირდა და იმ ფეხბურთელის სახელი უთხრა, რომლის გაყიდვასაც ეცდებიან კატალონიელები, რათა ოლმოს შემადგენლობაში ადგილი გამოუთავისუფლონ.
ჟურნალისტი სახელს და გვარს არ ამხელს, თუმცა აცხადებს, რომ ამ გვარის გაგება ძალიან გაუკვირდა.
ერთადერთი დამაზუსტებელი, რაც ჟერარმა გვითხრა, ისაა, რომ ეს ფეხბურთელი ილქაი გიუნდოგანი არ არის.
"ლაიფციგის" 26 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, თუმცა მის კონტრაქტში ჩადებულ ამ პუნქტს ვადა ხვალ გასდის. შესაბამისად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ფასის შეთანხმება "წითელ ხარებთან" მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ოლმო ევრო 2024-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. მან თავი 3 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.