2006 წლის 21 მარტი ის დღეა, რომელმაც ჰანსი ფლიკის ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. გერმანელი სპეციალისტი მაშინ "ნაიკმა" "კამპ ნოუზე", "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" მატჩის საყურებლად მიიპატიჟა.
თავის ახალ ინტერვიუში ფლიკი აცხადებს, რომ იმ შეხვედრის ნახვამ "ბლაუგრანას" გაწვრთნის დაუოკებელი სურვილი აღუძრა.
"ჩემს თავს ვუთხარი: "ერთ დღეს მე ამ გუნდში ვიმუშავებ."
პირველივე სამწვრთნელო სამსახურიდან მოყოლებული, ჩემი მიზანი "ბარსელონას" გაწვრთნა იყო," - იხსენებს ჰანსი.
აღნიშნული დაპირისპირება ნამდვილი თრილერი გამოდგა. მადრიდელები მე-5 წუთზე ნანოს მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ "ბარსამ" თამაში შემოატრიალა. ჯერ ავტოგოლი გავიდა, მერე კი სამუელ ეტო'ომ მიითვალა დუბლი. საბოლოო ანგარიშიც 3:1 დაფიქსირდა.
მაშინ დამწყები სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სათამაშო სტილითა და დინამიურობით აღფრთოვანებული დარჩა. ფლიკს ძალიან მოეწონა კატალონიელების სწრაფვა გამარჯვებისკენ და წნეხის მარტივად გადალახვის უნარი.
საბოლოო ჯამში, 18 წლის თავზე ფლიკმა ოცნება აისრულა და გამარჯვებებისკენ "ბარსელონას" ახლა თავად უნდა წარუძღვეს.