სანამ ჰანსი ფლიკი დაასრულებდეს იმ ფეხბურთელების შეფასებას, რომლებიც "ბარსელონას" წინა სეზონში განათხოვრებული ჰყავდა, გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატები კლემან ლანგლე, ინიგო მარტინესი და ვიტორ როკე არიან. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო ავრცელებს.
ლანგლემ უკვე იცის, რომ იგი გერმანელი სპეციალისტის გეგმების ნაწილი არ არის. ფრანგი მცველის აგენტმა "ბლაუგრანასთან" ერთად გამოსავლის ძებნაც დაიწყო. ნებისმიერი სცენარი ღიაა: კიდევ ერთი იჯარა, პერმანენტული ტრანსფერი თუ კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმებით გაწყვეტა.
ფლიკი თავის გუნდში არ მოიაზრებს ინიგოსაც. გამოცდილ უკანახაზელს "ბარსასთან" კონტრაქტით კიდევ ერთი წელი აკავშირებს, თუმცა იგი ლა ლიგაში დარეგისტრირებული არ გახლავთ.
რაც შეეხება როკეს, თავდაპირველად მისი განათხოვრება განიხილებოდა, მაგრამ ახლა გაყიდვაც არ უნდა გამოვრიცხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მხოლოდ იანვარში შეუერთდა.
ვიტორს აქტიურად უკავშირებენ საუდის არაბულ კლუბებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "ბარსელონა" უკვე დაემშვიდობა მარკოს ალონსოს, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა. კონტრაქტი ამოეწურა სერხი რობერტოსაც და, უდიდესი ალბათობით, ისიც ახალ კლუბს მოძებნის.