რაფინიას საუდის არაბეთში ან ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლა არ უნდა. იგი "ბარსელონაში" დარჩება და კლუბმა მისი პოზიციის შესახებ იცის, - იუწყება SPORT.
ბრაზილიელს ისიც შესანიშნავად მოეხსენება, რომ მომდევნო სეზონს სათადარიგოს რანგში დაიწყებს, თუმცა იგი სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლისთვის მზადაა.
"მე სამყაროს წინააღმდეგ" - ასეთია რაფინიას საფეხბურთო ფილოსოფია. ვისაც 27 წლის გარემარბი ვარჯიშზე უნახავს, ყველა ამბობს, რომ იგი განსაკუთრებულად იხარჯება და შესაბამის შედეგსაც იღებს ხოლმე.
არადა უკვე რამდენიმე თვეა, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" საუდის არაბეთიდან ასტრონომიულ შეთავაზებებს იღებენ. რაფინიას სანაცვლოდ ზოგიერთი კლუბი 100 მილიონ ევროსაც კი იხდიდა.
მიუხედავად ამისა, "ბარსას" 11 ნომრის გუნდში დარჩენა თითქმის გადაწყვეტილად უნდა მივიჩნიოთ.
გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში რაფინიამ 10 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.