"ბარსელონა" ხვალ "ოლოტთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს დახურულ კარს მიღმა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც წინასასეზონო მომზადების მნიშვნელოვან ნაწილს გაივლის.
სამწუხაროა, რომ აშშ-ში "ბლაუგრანას" პირველი გუნდის 5 ფეხბურთელი ვერ გაყვება. ამის მიზეზი ტრავმები გახლავთ. ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
პედრი
პაბლო გავი
რონალდ არაუხო
ფრენკი დე იონგი
ანსუ ფატი
პედრისა და არაუხოს არყოფნაზე ისედაც ვიცოდით. რაც შეეხება დანარჩენ სამს, მათ რიცხვს ბოლო ფატი შეუერთდა. ესპანელმა თავდამსხმელმა დღევანდელ ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა, რის გამოც 3 კვირიდან თვე-ნახევრამდე პერიოდის გამოტოვება ემუქრება.
არსებობდა შანსი, რომ აშშ-ში გავიც წასულიყო, რადგან ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა, საბოლოოდ, მისი ბარსელონაში დარჩენა გადაწყდა. ბარსელონაში რჩება ფრენკი დე იონგიც, რომლის დაბრუნების დრო უცნობია. კლუბში იმის გარანტიასაც კი ვერ იძლევიან, რომ ნიდერლანდელი კოჭის ტრავმას ლა ლიგის დაწყებამდე მოიშუშებს.
ცნობისთვის, ამერიკული ტურნეს პირველ ამხანაგურ მატჩს "ბლაუგრანა" 31 ივლისს ჩაატარებს და ორლანდოში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.