4 თვის წინ
ფლიკმა "ბარსას" მოთამაშეს აწყენინა - რა არის ამის მიზეზი
ფლიკმა "ბარსას" მოთამაშეს აწყენინა - რა არის ამის მიზეზი

ჰანსი ფლიკის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით სერხი რობერტო ნაწყენი დარჩა, - იუწყება Diario AS.

როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი პირველ ივლისს ამოეწურა, ახლა კი თავისუფალი აგენტია, თუმცა პრესაში იწერება, რომ მისი დარჩენა გამორიცხული მაინც არ არის. ამის მომხრეა "ბარსას" სპორტული დირექტორი დეკუც.

აღნიშნულ საკითხზე ფლიკს პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ჰკითხეს, მან კი ჟურნალისტს მოკლედ მოუჭრა: "სერხი რობერტო "ბარსას" ფეხბურთელი აღარაა. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი." სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია კაპიტნის უკმაყოფილება.

კლუბში ამბობენ, რომ ჰანსის რობერტოს განაწყენება არ სურდა და მას მხოლოდ დისკუსიის მალე დასრულება ეწადა. გარდა ამისა, პრობლემა შექმნა ენობრივმა ბარიერმაც.

AS-ს თუ დავუჯერებთ, ესპანელი უნივერსალის აგენტს დეკუ სულ რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

პორტუგალიელმა რობერტოს წარმომადგენელს უთხრა, რომ მისი კლიენტის "ბლაუგრანაში" დარჩენის შანსი არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ სპეციფიურ პირობებზე დათანხმებით მოხდება. "ბარსა" სერხის იმაზე ნაკლებ ხელფასს შესთავაზებს, ვიდრე აქამდე უხდიდა, ლა ლიგაში კი მაშინღა დაარეგისტრირებს, როცა სხვა დასარეგისტრირებელი არავინ იქნება და კლუბს სახელფასო განაკვეთში შესაბამისი ადგილიც დარჩება.



Facebook კომენტარები