"ბარსელონამ" იცის, რომ ნიკო უილიამსი შვებულებაშია, თუმცა მის გადაწყვეტილებას ნებისმიერ მომენტში ელოდებიან, - იუწყება Mundo Deportivo.
კატალონიური გრანდი 22 წლის ვარსკვლავის აგენტთან პირდაპირ კონტაქტზეა, რათა ყველა დეტალის შესახებ დროულად შეიტყოს.
"ბლაუგრანადან" გამომავალი ხმების თანახმად ნიკოს გამოსასყიდი თანხის გადახდისთვის ყველაფერი მზადაა. დირექტორთა საბჭომ დეკუს შეატყობინა, რომ შემტევს ლა ლიგაში უპრობლემოდ დაარეგისტრირებენ.
უილიამსის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა, მაგრამ "ბარსას" ჯამში 62 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს დამატებითი ხარჯებითაა განპირობებული.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი კონკურენტი "პარი სენ ჟერმენია". პარიზელებმა უილიამსს სახელფასო შეთავაზება გაუორმაგეს, "ბილბაოს" კი იმაზე მეტს გადაუხდიან, ვიდრე ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა. აშკარაა, რომ ფინანსურ ასპექტში კატალონიელები ლიგა ერთის მოქმედ ჩემპიონებს კონკურენციას ვერ გაუწევენ.
გამორიცხული უილიამსისგან არც "ატლეტიკში" დარჩენა იქნება. ბასკები მის დასარწმუნებლად ყველაფერს აკეთებენ და ამაში მოთამაშის ძმას, ინიაკი უილიამსსაც იყენებენ. "თეთრ-წითლების" მთავარი არგუმენტი ის გახლავთ, რომ ბილბაოს "ატლეტიკი" წელს ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ტურნირის ფინალი კი "სან მამესზეა" დაგეგმილი. მშობლიურ გუნდთან ერთად საკუთარ სტადიონზე ევროთასის მოგების შანსი ნიკოსთვის შეიძლება მაცდურიც კი იყოს.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოსგან საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ. ესპანური გამოცემები ამას ერთხმად ადასტურებენ.