19 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვიტორ როკეს "ბარსელონური" დღეები დათვლილია. დიდი ალბათობით, კლუბი მას გაყიდის ან გაანათხოვრებს. არადა, იანვარში, როცა "ბლაუგრანა" მას ბრაზილიური "ატლეტიკო პარანაენსედან" იმატებდა, ამას ძნელად თუ წარმოვიდგენდით.
გულშემატკივრები როკეში ძალიან დიდ ტალანტს ხედავდნენ, მაგრამ ჟურნალისტ ჟოან ფონტესს თუ დავუჯერებთ, "ბარსას" მაშინდელი თავკაცის, ჩავი ერნანდესის შტაბი თავიდანვე განსხვავებულ აზრზე იდგა.
როგორც ირკვევა, ჩავის გუნდი ხელმძღვანელობას აფრთხილებდა, რომ ტრანსფერი იმედგაცრუება იქნებოდა, თუმცა უფროსობამ სხვანაირად გადაწყვიტა. "ბლაუგრანას" შეფობა უფრო შორს წავიდა და პრესაში ისიც გაავრცელა, რომ ფეხბურთელი ჩავისა და მის სტაფს მოსწონდათ კიდეც.
წყაროს თანახმად, ესპანელი სპეციალისტის თანაშემწეებს ვიტორისთვის დამცინავი მეტსახელი, როშემბახიც შეურქმევიათ და ერთმანეთთან საუბარში ამ სახელით მოიხსენიებდნენ. ამით ისინი "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელზე, ფაბიო როშემბახზე მიანიშნებდნენ. ფაბიოც ბრაზილიელი გახლდათ და თავისი დაბალი სათამაშო დონით გახლდათ ცნობილი. მას ჩავიც კარგად იცნობდა, რადგან "ბარსაში" თამაში ერთად მოუწიათ.
ვიტორის მდგომარეობა ჩავის გუნდის კლუბიდან წასვლის მერეც არ გამოსწორებულა. "ბარსაში" ახლაც ფიქრობენ, რომ როკეს ძალიან ცუდი ტექნიკა აქვს, რაშიც ისინი სავარჯიშო სესიებზე ნანახმა დაარწმუნათ.
ასეა თუ ისე, ვიცით, რომ 19 წლის ფორვარდით არაბული "ალ აჰლია" დაინტერესებული. "ბლაუგრანა" 40 მილიონ ევროს ითხოვს. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კატალონიელები ვიტორს სიამოვნებით გაასხვისებენ.