"ბარსელონას" ბრაზილიელ შემტევს, რაფინიას გუნდში დარჩენა სურს, თუმცა მისი მსურველების დიდი რაოდენობიდან და კლუბის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, იგი მაინც გაიყიდოს.
The Mirror-ს თუ დავუჯერებთ, 27 წლის გარემარბით დაინტერესებულია ლონდონის "არსენალიც".
"მეთოფეები" უახლოეს დღეებში თავიანთ ათიანს, ემილ სმიტ როუს "ფულემში" გაყიდიან, რითიც 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებენ. წყაროს თანახმად, ლონდონური კლუბი ამ თანხის რაფინიას შესაძენად გამოიყენებს.
როგორც ირკვევა, "ემირეიტსზე" კატალონიური გრანდისთვის 50 მილიონი ევროს შესათავაზებლად ემზადებიან.
ნაკლებსავარაუდოა, რომ "ბარსა" ამ წინადადებას დასთანხმდეს. მოარული ხმების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" რაფინიას მინიმუმ 65 მილიონ ევროდ აფასებენ.
ცნობისთვის, რაფინიას საუდის არაბეთშიც ეპატიჟებიან.