ესპანურ პრესაში დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით, ნიკო უილიამსის "ბარსელონაში" გადასვლის შანსი საკმაოდ შემცირებულია. Relevo-ს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანაში" ოპტიმისტურად განწყობილნი აღარ არიან, მაგრამ ყველაფერს ჯერ ბოლომდე დაკარგულად არ თვლიან.
ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავის სატრანსფერო საგაზე წერს El Larguero-ც.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 22 წლის შემტევს შეატყობინეს, რომ მომდევნო ზაფხულს მის შეძენას აღარ ეცდებიან. მაშასადამე, თუ უილიამსს "ბარსაში" უნდა თამაში, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა მისი ერთადერთი შანსია (ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში).
კატალონიელები შიშობენ, რომ ნიკომ შეიძლება "სან მამესზე" დარჩენა გადაწყვიტოს, რაც "ატლეტიკის" მიერ მასზე განხორციელებული წნეხითაც იქნება განპირობებული. სწორედ ამის თავიდან არიდებას ემსახურება "ბარსასგან" ერთგვარი ულტიმატუმის წაყენება.
ახალგაზრდა შემტევის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ნიკო "ატლეტიკს" 8 გოლითა და 19 ასისტით დაეხმარა.