"ბარსელონამ" ამერიკულ ტურნეზე პირველი ამხანაგური მატჩი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარა. ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, პენალტების სერია კი კატალონიელებმა 4:1 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანა" მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ იგებდა. 24-ე წუთზე "ლურჯ-ბროწეულისფერნი" პაუ ვიქტორმა დააწინაურა, რომელმაც პირველ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მეორე კომპენსირებულ წუთზე კი პაბლო ტორემ გამოიჩინა თავი. ბრწყინვალე პერფომანსი შემოგვთავაზა ახალგაზრდა კიპერმა, ანდერ ასტრალაგამაც, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში 2 დარტყმა მოიგერია.
ორლანდოში გამართული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მოკლედ შეაფასა.
"ძალიან კარგი რაღაცები დავინახეთ. ფანტასტიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშეთ. ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. გუნდურად ვუტევდით და თავსაც გუნდურად ვიცავდით.
ვიტყოდი, რომ დაცვის ხაზი ზედმეტად უკან გვქონდა დაწეული. ყველაზე მეტად ეს არ მომეწონა. უნდა განვვითარდეთ. ახალგაზრდების თამაშით ამაყი ვარ.
ასევე გვყავდა ფანტასტიკური მეკარე. ანდერ ასტრალაგა პენალტების სერიაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. გვინდა, რომ დაახლოებით ისეთი რამ ავაშენოთ, რაც გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტიში" ააშენა," - თქვა 59 წლის სპეციალისტმა.
მომდევნო ამხანაგური მატჩი კატალონიელებს 3 აგვისტოს ელოდებათ. ფლიკის გუნდი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.