"ჟირონადან" 2.7 მილიონ ევროდ შეძენილი თავდამსხმელი, პაუ ვიქტორი "ბარსელონას" პირველ გუნდში თავს შესაშური სისწრაფით იმკვიდრებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკს სჯერა, რომ 22 წლის ცენტრფორვარდს შემადგენლობაში თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. პაუს იგი რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შემცვლელადაც განიხილავს.
გერმანელი სპეციალისტი ვიქტორს მოაიზრებს როგორც ნიჭიერ გოლეადორს, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
სათამაშო დროისთვის ბრძოლაში პაუ ახლა ვიტორ როკეზე წინ დგას. ცხადია, 19 წლის ბრაზილიელის "ბლაუგრანაში" დარჩენის შანსს ეს კიდევ უფრო ამცირებს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორი გასულ სეზონში "ბარსელონა ატლეტიკში" იყო განათხოვრებული. რაფა მარკესის გუნდში ჩატარებულ 39 მატჩში მან 20 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.
ვიქტორმა სადებიუტო გოლი შეაგდო "ბარსას" პირველი გუნდის მაისურითაც. მან "მანჩესტერ სიტის" კარი აიღო ამხანაგურ შეხვედრაში.