გერმანული "ლაიფციგის" სპორტულ დირექტორს, როუვენ შროდერს გუნდის ესპანელი ნახევარმცველის, დანი ოლმოს მომავლის შესახებ ჰკითხეს.
"დანი ოლმო? სატრანსფერო ფანჯარა კიდევ 4 კვირის განმავლობაში იქნება ღია. ჯერჯერობით მხოლოდ მცირე გადაადგილებები მოხდა, მარტო ნიუანსები.
მშვიდად ვართ და ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც ვემზადებით. საბოლოო ჯამში, ჩვენი საქმე სწორედ ეს არის," - განაცხადა "წითელი ხარების" სპორტულმა დირექტორმა.
Cadena Ser-ის ინფორმაციით, "ლაიფციგმა" "ბარსელონას" მეორე შეთავაზებაც უარით გაისტუმრა. გერმანულ კლუბში არ მოსწონთ არც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ შეთავაზებული თანხა და არც ამ თანხის გადახდის ფორმატი.
როგორც ჩანს, "თეთრ-წითლები" მყარად დგანან იმ პოზიციაზე, რომ 26 წლის ვარსკვლავში სულ მცირე 60 მილიონი ევრო უნდა მიიღონ (ფიქსირებულად, არა ბონუსების გათვალისწინებით).
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში დანიმ 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, ევრო 2024-ზე კი 3 გოლი შეაგდო და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.