ლონდონურმა "ფულემმა" ოფიციალურად დაადასტურა "ვილიარეალიდან" 24 წლის მცველის, ხორხე კუენკას ტრანსფერი. ესპანელის გადაბირება "კოტეჯერებს" 6.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ეს ამბავი "ბარსელონასთვის" იმიტომ გახლავთ საინტერესო, რომ სატრანსფერო თანხიდან წილი კატალონიელებსაც ერგებათ.
კუენკა "ლა მასიას" აღზრდილია და "ყვითელ წყალქვეშა ნავშიც" სწორედ "ბარსას" სისტემიდან აღმოჩნდა. 2020 წელს დადებულ შეთანხმებაში ჩაიდო პუნქტი, რომ ხორხეს მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 20% "ბლაუგრანასი" იქნებოდა.
მაშასადამე, იმ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც გუნდი 4 წლის წინ დატოვა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 1.3 მილიონ ევროს მიიღებენ.
აქვე გეტყვით, რომ კუენკა "ვილიარეალისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ. გასულ სეზონში მან 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.