3 თვის და 3 კვირის წინ
ვიტორ როკემ კიდევ ერთ შეთავაზებაზე თქვა უარი
ვიტორ როკემ კიდევ ერთ შეთავაზებაზე თქვა უარი

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვიტორ როკემ არაბული "ალ ჰილალის" კიდევ ერთი წინადადება გაისტუმრა უარით.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა უარყოფითი პასუხი "ლურჯი ტალღების" პირველ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინ გასცა, ახლა კი არც გაუმჯობესებულ პირობებს დასთანხმდა.

არაბები "ბლაუგრანას" 19 წლის ფორვარდში 35-40 მილიონ ევროს შესთავაზებდნენ. "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ეს შეიძლება სასურველი თანხაც კი იყოს, მაგრამ, ცხადია, როკეს თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა.

SPORT იუწყება, რომ ახალგაზრდა შემტევს "ბარსაში" დარჩენა და ჰანსი ფლიკისთვის თავის მოწონება აქვს განზრახული.

მიუხედავად ამისა, როკეს კატალონიურ გრანდში დარჩენის შანსები საგრძნობლადაა შემცირებული. ამის მიზეზი გუნდის 22 წლის ახალწვეულისა და ვიტორის უშუალო კონკურენტის, პაუ ვიქტორის ბრწყინვალე თამაშია. გარდა ამისა, დანი ოლმოსა და ნიკო უილიამსის ტრანსფერებიც (მათი განხორციელების შემთხვევაში) შემტევ რგოლში არსებულ კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

ცნობისთვის, "ატლეტიკო პარანაენსეს" ყოფილი ფეხბურთელით რომის "ლაციოცაა" დაინტერესებული. "არწივების" პირველი შეთავაზება თავად "ბარსამ" დაბლოკა.


Facebook კომენტარები