"ბარსელონამ" დანი ოლმოს ტრანსფერი დახურა, ახლა კი გულშემატკივრების ყურადღება ბილბაოს "ატლეტიკის" გარემარბის, ნიკო უილიამსის საგისკენაა მიმართული.
SPORT-ს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანაში" ნიკოსთან დაკავშირებით ფარ-ხმალი ჯერ არ დაუყრიათ.
დეკუ და ჰანსი ფლიკი მარცხენა შემტევის დამატებას პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევენ, მაგრამ სხვა კანდიდატის გადაბირებაზე მუშაობას იქამდე არ დაიწყებენ, სანამ ნიკოს ტრანსფერი 100%-ით არ გამოირიცხება.
"ბლაუგრანაში" იციან, რომ უილიამსის შეძენა გართულდა, მაგრამ გადაწყვეტილად ჯერ არაფერს მიიჩნევენ.
ამასვე ადასტურებს ჟურნალისტი ვიქტორ ნაეც. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" იმედი არც იმას ჩაუკლავს, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ბასკურ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო.
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსა" ნიკოს შეძენას გაისადაც ეცდება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "სან მამესზე" დარჩენილი უილიამსი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მის გამოსასყიდ თანხად ისევ 58 მილიონი ევრო შენარჩუნდება.
აქვე გეტყვით, რომ ესპანელი შემტევით "პარი სენ ჟერმენიც" გახლდათ დაინტერესებული. ბოლო ცნობების მიხედვით, პარიზელები ბრძოლას უკვე გამოეთიშნენ. ახლა ვარსკვლავს ორი ვარიანტი აქვს: "ბილბაოში" დარჩენა ან "ბარსაში" გადასვლა.