SPORT-ის ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ "ბარსელონას" იმ ფეხბურთელების შესახებ დაწერა, რომელთა გუნდში დარჩენა-დაურჩენლობის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ჩამონათვალში 8 მოთამაშეა.
გთავაზობთ თითოეული მათგანის მომავალთან დაკავშირებულ ცნობებს:
ხულიან არაუხო
არაუხოს ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით თამაშის შანსი ძალიან ცოტა ხნით მიეცა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე არც გვინახავს. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ "ბარსელონა" მას გაუშვებს - გასარკვევი ისაა, ეს იჯარა იქნება თუ პერმანენტული ტრანსფერი. მექსიკელით "ბეტისი", "ჟირონა" და "სევილია" ინტერესდებიან.
კლემან ლანგლე
ფლიკი ლანგლეთი კმაყოფილია, მაგრამ ფრანგი "ბარსას" გეგმებში არ შედის. ფეხბურთელის პრიორიტეტი ესპანეთში დარჩენაა. დიდი ალბათობით, მისი მომავლის გარკვევა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიწელება, მაგრამ, წესით და რიგით, კლემანმა გუნდი უნდა დატოვოს.
ჰექტორ ფორტი
თუ გერმანელ სპეციალისტს მარცხენა მცველად ალექს ვალე უფრო მოსწონს და "ბარსა" ჟოაუ კანსელუსაც დაიბრუნებს, ფორტის განათხოვრება არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ჰექტორს "ბარსა ატლეტიკთან" ერთად მესამე დივიზიონში თამაში არ უნდა. ესპანელის მომავალი ჯერ გაურკვეველია.
მიკაილ ფაიე
"ბარსელონაში" ფაიეს შენარჩუნება სურთ, მაგრამ საინტერესო წინადადებებს შეისწავლიან. გუნდს ცენტრალური მცველისა და მარცხენა მცველის პოზიციებზე არ უჭირს. სენეგალელს მხოლოდ იმ შემთხვევეში ენდომება დარჩენა, თუ პირველ გუნდში სათამაშო წუთების მიღების რეალური შანსი ექნება. მისი მომავალი შეიძლება სხვა ფეხბურთელებთან იყოს დაკავშირებული.
პაბლო ტორე
პაბლოს "ბლაუგრანაში" თამაში თითქოს გამორიცხულიც იყო, მაგრამ პრესეზონი მან ძალიან შთამბეჭდავად ჩაატარა, რამაც შანსიც გააჩინა. ფლიკს იგი მოსოწნს. გუნდიდან რამდენიმე ნახევარმცველის და შემტევის წასვლამ შეიძლება ტორესაც არგოს. კლუბს ბვრი საინტერესო შეთავაზება აქვს.
ანსუ ფატი
ტრავმამ ფატის ბედი ჰაერში გამოკიდა. ფლიკს მისთვის შანსის მიცემა უნდოდა. ფეხბურთელს დარჩენა სწადია, მაგრამ თუ კლუბის პოზიცია მტკიცე იქნება, რომ ანსუ მათ გეგმებში აღარ შედის, ახალგაზრდა ფორვარდს სხვა გუნდის მოძებნა მოუწევს. დანი ოლმოს ტრანსფერმა და პაუ ვიქტორის გაბრწყინებამ ფატის საქმე უფრო გაურთულა.
ვიტორ როკე
როკეს წასვლა თითქმის გარდაუვალია. ჯერჯერობით იგი უარს აცხადებს საუდის არაბეთში გადაბარგებაზე, მაგრამ მომდევნო კვირებში სასურველი კლუბის მონახვა მაინც დასჭირდება.
პაუ ვიქტორი
აშშ-ს ტურნეზე ნაჩვენები საოცარი პერფომანსების შემდეგ, "ბარსელონაში" ვიქტორზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის ლა ლიგაში დარეგისტრირებული ჯერ არ არის, მაგრამ პაუს დაბალი ხელფასი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ამ მიზანს უადვილებს. საკმაოდ სოლიდურია შანსი, რომ პაუ პირველი გუნდის წევრი იყოს.