Sky Sport News იტყობინება, რომ კინგსლი კომანს ამ ზაფხულს "ბაიერნის" დატოვება სურს და იგი "ბარსელონას" შესთავაზეს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელს ფრანგი გარემარბი ძალიან მოსწონს, თუმცა იმისათვის, რათა "ბლაუგრანამ" კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი გაჩარხოს (დანი ოლმოს შემდეგ), კლუბს ჯერ ვინმეს სარფიანად გაყიდვა მოუწევს.
როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, თუ ნიკო უილიამსი მართლაც ბილბაოს "ატლეტიკში" დარჩება, "ბარსას" სათადარიგო ვარიანტი სწორედ კომანი იქნება.
ჰანსი ფლიკი კინგსლის შესანიშნავად იცნობს, რადგან "რეკორდმაისტერში" მასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. სხვათა შორის, 2020 წლის აგვისტოში, როცა ბავარიელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "პსჟ-ს" მოუგეს, ტიტულის მომტანი გოლი სწორედ კომანმა გაიტანა.
28 წლის გარემარბს ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში კინგსლიმ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ბაიერნს" ის 5 გოლითა და 3 ასისტით დაეხმარა.