უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს და წინასასეზონო მომზადებაში აქტიურადაა ჩართული.
33 წლის ესპანელის მნიშვნელობაზე SPORT-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის მიერ გაჟღერებული ეს ისტორიაც ბევრ რამეს ამბობს:
"ამერიკულ ტურნეზე, ერთ-ერთი სავარჯიშო სესიის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა ვარჯიშში მისი როლით, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ვარჯიში დაეტოვებინა, სანამ თანაგუნდელები დავალების შესრულებას აგრძელებდნენ.
მოთამაშე გასახდელისკენ მიემართებოდა, როცა საქმეში ტიაგო ჩაერია. იგი ფეხბურთელს დაეწია და დაარწმუნა, რომ საუკეთესო გამოსავალი ღრმად ჩასუნთქვა და უკან დაბრუნება იქნებოდა. მოკლე დიალოგის შემდეგ, სადაც ალკანტარამ ემოციური ინტელექტი გამოავლინა, მოთამაშემ ვარჯიში განაახლა. ეს ინციდენტი ამაზე შორს აღარ წასულა.
ეს ამბავი იდეალური მაგალითია იმისა, რომ ტიაგოს მსგავს ფიგურას "ბარსელონას" გასახდელში დიდ პატივს სცემენ."
ვეტერანი ფეხბურთელი ჰანსი ფლიკსა და შემადგენლობას შორის დამაკავშირებლის ფუნქციას ასრულებს. გარდ ამისა, იგი ახალგაზრდებს ხშირად ამარაგებს საჭირო რჩევებით.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, სანამდე დარჩება ტიაგო "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში. ოფიციალურად ის შტაბის წევრი არც გახლავთ, რადგან, ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, დაკისრებულ როლს მხოლოდ დროებით ასრულებს, მისი სამომავლო გეგმები კი განსხვავებულია.