პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგო, ანგარიშით 5:3 და ოქროს მედლები დაისაკუთრა.
"ფურია როხას" მხრიდან საუკეთესო ფეხბურთელი "ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველი, ფერმინ ლოპესი გახლდათ, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა, ოლიმპიადა კი 6 გოლით დატოვა.
იქიდან გამომდინარე, რომ ლოპესი ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც ახლდა, მას ზაფხულში საერთოდ არ დაუსვენია. გულშემატკივართათვის მთავარი კითხვა ახლა სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ როდის შეუერთდება ფერმინი "ბლაუგრანას".
ფინალის შემდეგ ახალგაზრდამ პირდაპირ თქვა, რომ მხოლოდ ერთი კვირით დაისვენებდა, შემდეგ კი ჰანსი ფლიკის განკარგულებაში ჩადგებოდა.
ფერმინის განცხადებას მოსდევს SPORT-ის მიერ გაჟღერებული ცნობაც, რომლის მიხედვითაც, ლოპესი ლა ლიგის პირველ ტურში, "ვალენსიასთან" არ იქნება, მეორე ტურიდან კი თამაშს შეძლებს
ლა ლიგის ახალი სეზონის მეორე ტურის მატჩს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 24 აგვისტოს, თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყებენ და ბილბაოს "ატლეტიკს" შეერკინებიან.