ესპანურმა Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" 26 წლის ახალწვეულის, დანი ოლმოს შესახებ საინტერესო სტატისტიკური ანალიზი შემოგვთავაზა.
გამოცემის თანახმად, "ბლაუგრანას" ვარსკვლავს 5 პოზიციაზე შეუძლია თამაში: ცენტრფორვარდი, მარჯვენა გარემარბი, მარცხენა გარემარბი, ათიანი, ნახევარმცველი.
ზაფხულის დასაწყისში მიიჩნეოდა, რომ "ბარსას" შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება უნდოდა. მარცხენა შემტევის პოზიციაზე დანის 43 მატჩი აქვს სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებული, მონაგარი კი 14 გოლი და 15 ასისტია.
მარჯვენა გარემარბად ოლმო სასტარტო შემადგენლობაში 42-ჯერ მოხვედრილა და თავი 6 გოლითა და 13 ასისტით გამოუჩენია. რაც შეეხება ცხრიანს, სტატისტიკა აქ ნაკლებად შთამბეჭდავია: 6 სტარტი, 0 გოლი, 0 ასისტი.
როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური დანი მარცხენა ვინგერის პოზიციაზეა. ისე კი, ესპანურ პრესაში გაჟღერებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ჰანსი ფლიკი ახალწვეულს უფრო ნახევარდაცვაში განიხილავს, ვიდრე გარემარბის როლში.
ფლიკის გეგმების პირველი კონტურების დანახვა დღესვე შეგვეძლება, რადგან თბილისის დროით 22 საათიდან "ბარსა" "მონაკოს" უნდა შეხვდეს, ოლმოს დებიუტს კი სწორედ ამ მატჩში ელოდებიან.