"ბარსელონამ" გამპერის თასის 2024 წლის გათამაშება ლიგა ერთის ბინადარ "მონაკოსთან" დათმო. ჰანსი ფლიკის გუნდი მონეგასკებთან სამბურთიანი სხვაობით, 0:3 განადგურდა.
"თავადებმა" 3-ვე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. 50-ე წუთზე ლამინე კამარამ შეაგდო, რასაც 7 წუთში ბრიენ ემბოლოს გოლი მოჰყვა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რბევას წერტილი კრისტიან მავისამ 86-ე წუთზე დაუსვა.
საინტერესოა, რომ კატალონიელებმა გამპერის თასი ბოლო 12 წელიწადში პირველად წააგეს. ამ ტურნირზე მათი უკანასკნელი მარცხი 2012 წელზე მოდიოდა - "ბლაუგრანას" მაშინ გენუის "სამპდორიამ" 0:1 მოუგო.
სხვათა შორის, 2012/2013 წლების სეზონში "ბარსამ" ლა ლიგა სარეკორდო, 100-ქულიანი მაჩვენებლით მოიგო. ცხადია, სეზონში იყო ცუდი მომენტებიც. კოპა დელ რეიზე გუნდი მადრიდის "რეალთან" დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნისგან" ორ მატჩში 7 უპასუხო გოლი გაუშვა.
Opta-ს თუ ვენდობით, ბოლო შემთხვევა, როცა "ბლაუგრანამ" გამპერის თასზე გოლი ვერ გაიტანა და მინიმუმ 3 გოლი გაუშვა, 1981 წელზე მოდის. "ბარსელონა" მაშინ გერმანულ "კიოლთან" დაიჩაგრა - 0:4.
ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს განცდილი მარცხი ფლიკის გუნდმა სასწრაფოდ უნდა დაივიწყოს, რადგან ერთ კვირაში გუნდი ლა ლიგის ახალ სეზონს იწყებს. პირველ ტურში მათი მეტოქე "ვალენსია" იქნება.