"მანჩესტერ იუნაიტედს" ანტონის გაყიდვა და რაფინიას შეძენა უნდა. პრობლემას ქმნის ის, რომ ბრაზილიელი "ბარსელონას" დატოვებას არ გეგმავს, - იუწყება SPORT.
მიუხედავად რაფინიას სურვილებისა, "ბლაუგრანას" 27 წლის გარემარბის გაყიდვა მაინც შეიძლება მოუწიოს. კლუბს ლა ლიგაში ფეხბურთელების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემები აქვს, ბრაზილიელის სარფიან ფასად გასხვისება და კლემან ლანგლეს განათხოვრება კი ამ პრობლემებს მოაგვარებდა.
ამ პრობლემების მოგვარებას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" რონალდ არაუხოს გაყიდვითაც განიხილავდნენ, მაგრამ ურუგვაელის ტრავმამ ამის შესაძლებლობა გააქრო. ახლა კლუბი რონალდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს.
რაც შეეხება რაფინიას, თუ "წითელი ეშმაკები" მის სანაცვლოდ "ბარსას" 60 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ტრანსფერი შეიძლება გარდაუვალი გახდეს.
გამოცდილი შემტევი საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელთა სამიზნეცაა. ცხადია, თუ რაფინია "ბარსას" დატოვებს, მას კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაგრძელება უფრო სასურველ ვარიანტად მოეჩვენება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში მან 10 გოლი და 13 ასისტი მიითვალა.