OnzeTV3 ირწმუნება, რომ ნიკო უილიამსის "ბარსელონაში" ტრანსფერი აღარ შედგება.
22 წლის ვარსკვლავს ბილბაოს "ატლეტიკში" 10-ნომრიანი მაისური ჩააბარეს და იგი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. როგორც ჩანს, ბასკების ზეწოლამ შედეგი გამოიღო - უილიამსი "სან მამესზე" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.
ცხადია, "ბლაუგრანას" სატრანსფერო გეგმებისთვის ეს დიდი დარტყმაა, რადგან კლუბს სხვა მარცხენა გარემარბის შეძენა მოუწევს.
ჟურნალისტ ხოსე ალვარესს თუ ვენდობით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კანდიდატი შერჩეული ჰყავთ. იგი "ლივერპულის" კოლუმბიელი ფლანგელი, ლუის დიასია.
ზაფხულის დასაწყისში ამბობდნენ, რომ "ბარსას" სპორტული დირექტორი, დეკუ სწორედ დიასის ტრანსფერს ლობირებდა. პორტუგალიელს თავისი ჩანაფიქრის ასრულების საშუალება ახლა მიეცემა.
27 წლის გარემარბს "სქაუზერებთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ჩატარებულ 51 მატჩში დიასმა 13 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.