მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსმა ბილბაოს "ატლეტიკში" დარჩენა გადაწყვიტა, "ბარსელონა" მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერების სხვა გზების ძებნაზე გადაერთო.
კატალონიურ გრანდს ახლა ორ ფეხბურთელს უკავშირებენ. პირველი "ლივერპულის" კოლუმბიელი შემტევი, ლუის დიასია, მეორე კი - "ბაიერნის" ფრანგი ვინგერი, კინგსლი კომანი.
დიასზე დღეს ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ "მანჩესტერ სიტიში" მისი ტრანსფერი შეთანხმებული გახლდათ, თუმცა ეს ცნობა მალევე უარყვეს. როგორც ჩანს, ლუისისთვის ბრძოლას აზრი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
რაც შეეხება კომანს, Sky Sport Germany-ს თუ დავუჯერებთ, მას მშობლიურ "პარი სენ ჟერმენში" დაბრუნებისკენ მიუწევს გული.
"ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" 28 წლის ფრანგის სიტუაციას თვალს ადევნებენ, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ. საგულისხმოა ისიც, რომ "ბაიერნიდან" გაშვებას არც თავად კინგსლი მოითხოვს.
გამოცდილ გარემარბს ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში კინგსლიმ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ბაიერნს" ის 5 გოლითა და 3 ასისტით დაეხმარა.