სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი რჩება, "ბარსელონას" კი ნახევარმცველი არა თუ არ დაუმატებია, არამედ შესაძლო ტრანსფერზე ჭორებიც კი იშვიათად თუ იწერება.
ამის ერთ-ერთი მიზეზი SPORT-ის მიერ გავრცელებულ ცნობებში უნდა ვეძებოთ. როგორც ირკვევა, კლუბში ფიქრობენ, რომ პედრი გონსალესისა და ფრენკი დე იონგის ტრავმებიდან დაბრუნების შემდეგ, გუნდის შუა ხაზი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სახსენებელია ისიც, რომ "ბლაუგრანაში" ნგოლო კანტეს კვლავ განიხილავენ. ვეტერან ფრანგს არაბული "ალ იტიჰადის" დატოვება სურს, მაგრამ გუნდი მის გაშვებას არ აპირებს. შესაბამისად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 33 წლის ნახევარმცველის დამატება ძალიან უნდა გაუჭირდეთ.
რაც შეეხება ლა ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის მზადებას, მოსალოდნელია, რომ "ვალენსიასთან" შეხვედრაში მნიშვნელოვან როლს 17 წლის მარკ ბერნალი ითამაშებს.
თუ ჰანსი ფლიკი "ღამურებთან" ჯახს ილქაი გიუნდოგანს სასტარტო შემადგენლობიდან დააწყებინებს, დიდი ალბათობით, მას პაბლო ტორეს შეუწყვილებს. დანი ოლმოს სასტარტო თერთმეტეულში ვერ ვიხილავთ..
"ბლაუგრანა" საყრდენის გაფორმებას არ გეგმავს, მაგრამ "ვალენსიასთან" მატჩის მერე ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს კიდეც. აქვე გეტყვით, რომ "ლოს ჩესა" და "ბარსას' დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.