"ბარსელონა" ილქაი გიუნდოგანსა და რაფინიას მათი პროექტისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებად არ განიხილავს, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, გერმანელ ნახევარმცველსა და ბრაზილიელ შემტევს საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზებები აქვთ, თუმცა მათ "ბლაუგრანას" დატოვება არ სურთ.
არადა, ზაფხულის დარჩენილ პერიოდში "ბლაუგრანას" მიერ ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელება სწორედ რომელიმე მათგანის აბარგებაზეა დამოკიდებული.
SPORT-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსაში" ამბობენ, რომ მომდევნო კვირიდან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა მოსალოდნელი. მაშასადამე, ილქაისა და რაფინიას დარჩენა ბოლომდე გარანტირებული მაინც არ აქვთ.
ვახსენოთ ისიც, რომ განსხვავებით ილქაისგან, 27 წლის შემტევს ევროპაშიც მოეპოვება მსურველები. რაფინიას "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.
ცნობისთვის, რაფინია "ბარსამ" 2022 წელს "ლიდს იუნაიტედიდან" 57 მილიონ ევროდ შეიძინა, ილქაი კი კლუბმა შარშან, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.