ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნიუკასლ იუნაიტედი" "ბარსელონასთვის" ფერან ტორესის თაობაზე აპირებს შეთავაზებით მიმართვას.
Marca-ს თუ დავუჯერებთ, ესპანელმა ფორვარდმა "ჯორდების" ინტერესის შესახებ არაფერი იცის. 24 წლის თავდამსხმელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სურს დარჩენა.
საინტერესოა, რომ ფერანის პოზიციებს ამყარებს "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის შეხედულებაც.
წყაროს თანახმად, ჰანსი ფლიკი გუნდის შვიდიანის თამაშით კმაყოფილია. გერმანელი სპეციალისტი ტორესის თავდადებასა და ამბიციურობას აფასებს.
ტორესისადმი გამოხატული ნდობის მაგალითი იყო ისიც, რომ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი მან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მართალია, ესპანელმა თავი ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა, თუმცა ამის გამოსწორების შანსი მას მომდევნო შეხვედრებში ექნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფერანს "ბარსასთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.