3 თვის წინ
"ბარსელონამ" კიეზას დაუმიზნა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
"ბარსელონამ" კიეზას დაუმიზნა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

"ბარსელონა" ფედერიკო კიეზას შეძენაზე ფიქრობს და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, - იუწყება SPORT.

იტალიელი გარემარბი "ბლაუგრანას" დაახლოებით 14 მილიონი ევრო დაუჯდება, მისი ხელფასი კი 6 მილიონი ევრო იქნება. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" საქმეს ის ფაქტი გაუადვილებს, რომ კიეზას გაშვებით თავად "ბებერი ქალბატონია" დაინტერესებული.

წყაროს თანახმად, "ბარსამ" 26 წლის გარემარბის სრული სამედიცინო ისტორია გამოითხოვა. კატალონიელებმა გაარკვიეს, რომ ფედეს მუხლის ტრავმა სრულად აქვს მოშუშებული და ოპტიმალურ კონდიციებშია.

როგორც ირკვევა, "ბარსელონა" იტალიელის გაფორმებას 2023 წლის ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ეს ეკონომიკურმა პრობლემებმა გახადა შეუძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კლუბს მარცხენა გარემარბის დამატება აქვს დაგეგმილი. ნიკო უილიამსი და ლუის დიასი გამოირიცხნენ, ერთადერთ ვარიანტად კი, კიეზასთან ერთად, "ბლაუგრანას" "ბაიერნის" შემტევი, კინგსლი კომანი რჩება.

ცნობისთვის, წინა სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ფედერიკომ 10 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები