"ბარსელონა" რომ ილქაი გიუნდოგანს ემშვიდობება, ამის შესახებ უკვე ბევრი წყაროსგან ვიღებთ ინფორმაციებს.
Relevo-ს ჟურნალისტ მატეო მორეტოს თუ დავუჯერებთ, არ არის გამორიცხული, რომ 33 წლის გერმანელი "ბლაუგრანამ" საერთოდ უფასოდ გაუშვას. გიუნდოგანის წასვლით კლუბის სახელფასო განაკვეთში 14 მილიონი ევრო გამოთავისუფლდება, რაც ლა ლიგაში ფეხბურთელების დარეგისტრირების საშუალებას გააჩენს.
ილქაის მსურველები ჰყავს საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან. ასევე ისმის "მანჩესტერ სიტის" სახელიც.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა გიუნდოგანის დაბრუნებას მიესალმება. ახლა მთავარი საკითხი ფეხბურთელთან და მის აგენტთან მოლაპარაკება იქნება, ფინანსური მხარე კი უკანა პლანზეა გადაწეული.
სოციალურ ქსელში გაჟღერდა ვერსია, რომ გიუნდოგანი "ეტიჰადზე" შეიძლება გაცვლის გზით აღმოჩნდეს. ცხადია, ბარტერის მეორე მხარეს ჟოაუ კანსელუ იქნება ჩართული.
"ბარსელონასთვის" ეს შეიძლება საუკეთესო ვარიანტიც იყოს, მაგრამ გასარკვევი ისაა, რამდენად შეელევიან "ქალაქელები" პორტუგალიელ ფლანგელს ასე, როდესაც იციან, რომ ილქაის გაშვება "ბლაუგრანას" ისედაც სჭირდება.