ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" 20 წლის ცენტრალური მცველი, მიკაილ ფაიე კარიერას "რენში" გააგრძელებს.
ფრანგული კლუბი სენეგალელ უკანახაზელში 12 მილიონ ევროს გადაიხდის. "ბლაუგრანა" ფეხბურთელის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებასა და მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 25%-იან წილს შეინარჩუნებს.
Mundo Deportivo გამოსასყიდი თანხის რაოდენობას 40 მილიონით საზღვრავს. გარდა ამისა, გარიგებაში ჩაიდო 4 მილიონი ევროს ბონუსებიც.
წყაროს თანახმად, მიკაილს შეთავაზებები ფრანკფურტის "აინტრახტისა" და "პსვ ეინდჰოვენისგანაც" ჰქონდა. ფაიემ პრიორიტეტი საფრანგეთში თამაშს მიანიჭა და "რენი" აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ასევე ფრანგული "ლილი" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსს სთავაზობდა.
ხვალ დილით ფაიე თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს გამოემშვიდობება, შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრება.
"რენთან" მიკაილი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.