"ბარსელონას" ახალწვეულს, დანი ოლმოს სეზონის პირველი ორი მატჩის გამოტოვება მოუხდა, რადგან კლუბმა იგი ლა ლიგაში ვერ დაარეგისტრირა.
ცხადია, სიტუაციის სიმძიმე მარტივი წარმოსადგენია. ვარსკვლავი, რომელშიც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 55 მილიონი ევრო გადაიხადეს, შეხვედრებს ტრიბუნიდან ადევნებს თვალყურს, რისი მიზეზიც ფინანსური ფეარ პლეის რეგულაციებთან შეუთავსებლობაა.
მიუხედავად მდგომარეობის სამარცხვინოობისა, SPORT-ს თუ დავუჯერებთ, დანი ნაწყენი ან გაბრაზებული არაა. იგი პრობლემის მოგვარებას მშვიდად ელოდება.
"ბარსაში" ოლმოს არწმუნებენ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.
კატალონიურმა გრანდმა დღეს ვიტორ როკეს "ბეტისში" და კლემან ლანგლეს "ატლეტიკოში" განათხოვრება გააოფიციალურა. დანის დარეგისტრირებას ეს მანევრებიც დაეხმარება.
აქვე გეტყვით, რომ ოლმოს შეიძლება ხვალინდელი შეხვედრის გამოტოვებაც მოუხდეს. თუ იგი "რაიო ვალეკანოსთან" ვერ ითამაშებს, დებიუტს შაბათს, "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ უნდა ველოდოთ.