ესპანურ პრესაში ბოლო საათებში ერთბაშად რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ დანი ოლმოს "რაიო ვალეკანოსა" და "ბარსელონას" შორის ხვალ გასამართ მატჩში თამაში შეეძლება.
RAC1-ის ინფორმაციით, 26 წლის შემტევის დასარეგისტრირებლად "ბლაუგრანა" ანდრეას კრისტენსენის გრძელვადიან ტრავმას გამოიყენებს. ამ ეტაპზე, დანის დარეგისტრირებას დროებითი ხასიათი ექნება და მისი ვადა 31 დეკემბრამდე იქნება.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ, როცა ფეხბურთელის დაზიანებას მოსარჩენად 4 თვეზე მეტი სჭირდება, კლუბს ეძლევა უფლება, ამ ფეხბურთელის მიერ სახელფასო განაკვეთში დაკავებული სივრცე სხვა მოთამაშის დარეგისტრირებისთვის გამოიყენოს. "ბარსამ" ეს ერთხელ უკვე გააკეთა რონალდ არაუხოსა (ტრავმირებული) და ინიგო მარტინესთან დაკავშირებით, ახლა კი იმავეს იმეორებს.
ლა ლიგამ დაამტკიცა "ბარსელონას" მიერ წარდგენილი სამედიცინო ანგარიში, სადაც წერია, რომ დანიელი მცველის უქმობამ შეიძლება 2-დან 4 თვემდე გასტანოს.
საინტერესო კი ისაა, რომ კრისტენსენის გარემოცვის მიხედვით, ანდრეასი მოედანზე 1 თვეში დაბრუნდება.
Cadena COPE-ს ჟურნალისტი, ელენა კონდისი ამ საკითხზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის:
"თუ კრისტენსენი დათქმულზე ადრე დაბრუნდება, რაც სავარაუდოა, მას ოლმოსთან ერთად თამაში შეეძლება, ოღონდ 31 დეკემბრამდე.
მიუხედავად ამისა, თუ დროის ამ პერიოდში "ბარსელონა" ფეარ პლეიში საკმარისი სივრცის გაჩენას ვერ შეძლებს, ოლმოს თამაშის უფლება აღარ ექნება და მას ვერც ხელმეორედ დაარეგისტრირებენ."
ასე რომ, კატალონიური გრანდი ცეცხლს ეთამაშება, თუმცა, როგორც ჩანს, კლუბში "ნაიკთან" დასადები ხელშეკრულების იმედი აქვთ. აქვე გეტყვით, რომ "რაიოსა" და "ბარსას" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.